მდებარეობა. შესწავლის ისტორია

იხილეთ ESRI ArcGIS აეროფოტო

მთა ნაზარლები მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. ძეგლის კოორდინატებია (UTM 38N WGS84 სისტემით): X 603603.783731741, Y 4577184.51861028

აღნიშნული ნამოსახლარი თავისი სტრუქტურით ბუნებრივი ბორცვია, რომელიც, მოსახლეობას ერთ დროს გამაგრებულ პუნქტად უქცევია დატერასების მეშვეობით.

არსებული არქეოლოგიური ძეგლი და სხვა მსგავსი ტიპის ძეგლები, სამეცნიერო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-ანი წლებიდან გახლდათ ცნობილი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ მხარეში, იმ პერიოდისათვის არსებული მთელი რიგი გასაიდუმლოებული სამხედრო ობიექტების არსებობის გამო, შეუძლებელი იყო იქ არქეოლოგიური სამუშაოების წარმოება. მოგვიანებით, ე.წ. "გარდაქმნის პერიოდში", როდესაც, ამ მხრივ, ცოტა შერბილდა აკრძალვები, 1986 წლიდან, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიურ ცენტრთან არსებული კახეთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში (ხელმძღვანელი - აკად. კ. ფიცხელაური) ჩამოყალიბდა ცალკე საველე რაზმი ბესარიონ მაისურაძის ხელმძღვანელობით. ამ რაზმმა შეძლო გარკვეული დაზვერვითი სამუშაოების ჩატარება აღნიშნულ მხარეში. ამის შესახებ, ბოლო, 1991 წ-ს ჩატარებული დაზვერვითი გათხრითი სამუშაოების მოკლე ანგარიში გამოქვეყნებულია არქეოლოგიური ცენტრის ჟურნალ "ძიებანი"-ს მე-4 ნომერში (ბ. მაისურაძე, გ. მინდიაშვილი, აეროარქეოლოგია შირაქში, ძიებანი N4, თბ. 1999, გვ. 29-36).

მას შემდგომ, მხოლოდ 2007-09 წლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ამ ადგილზე წარმოებული არქეოლოგიური სამუშაობის მიმდინარე პროცესში (რაც ძირითადად გულისხმობდა ძეგლის აღმოსავლეთით, დაბლობზე არსებული სამაროვნის შესწავლას) ნაზარლების ციტადელის პირველსა და მეორე ტერასაზე სავარაუდო კარიბჭეების გამოვლენის მიზნით, პროფ. ვაჟა ვარაზაშვილმა გაავლო ორი სადაზვერვო თხრილი. თუმცა, შემდგომში შეაჩერა აქ სამუშაოები.

2007 წლის თებერვალში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტზე, შემუშავდა და ფართო საზოგადოებას წარედგინა სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი პროექტი - "კავკასიაში სახელმწიფოებრიობის სათავეებთან".

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ილიას უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორისა (პროფ. გიგი თევზაძე) და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შედგა ორი კვლევითი ჯგუფი, რომლებმაც დაიწყეს ქვემო ქართლსა და შირაქის ველზე მდებარე უძველესი ნამოსახლარების არქეოლოგიური შესწავლა. ჩატარებული სამუშაოების ანგარიშები გამოქვეყნებულია სხვა და სხვა სამეცნიერო ჟურნალებში.

შემდგომში, მთელი რიგი ობიექტური თუ სუბიექტური პირობებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტი იძულებული გახდა შეეჩერებინა სამუშაოები აღნიშნული მიმართულებით; თუმცა, თავად ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი (ემერიტუსი აკად. კ. ფიცხელაური, †პროფ. ვ. ვარაზაშვილი, პროფ. მ. ელაშვილი, პროფ. პ. ბუხრაშვილი და სხვ.) საკუთარი ძალისხმევით მაინც ახერხებდნენ აღნიშნული საკითხების გარშემო მუშაობას.

2015/16 წ-ის მიჯნაზე, პროფ. პაატა ბუხრაშვილის გერმანიიის არქეოლოგიის ინსტიტუტში მივლინებისას, ჰალლეს მარტინ-ლუთერის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის არქეოლოგიისა და ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორთან, პროფ. ფელიქს ბლოხერთან შეთანხმების საფუძველზე, გადაწყდა ერთობლივი ძალებით ზემოაღნიშნული საუნივერსიტეტო პროექტის განახლება.

2016 წლის ნოემბრის თვეში, პროფ. ფ. ბლოხერის საქართველოში სტუმრობის პერიოდში, ქვემო ქართლისა და კახეთის არქეოლოგიური ძეგლების მონახულებისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფრასტუქტურის გაცნობის შემდეგ, დაიწერა კვლევითი განაცხადი გერმანიის აღმოსავლეთმცოდნეობის საზოგადოების წინაშე (DOG), ნაზარლების გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ნამოსახლარზე პირველი ფართო ხასიათის დაზვერვითი სამუშაოების ჩასატარებლად თანხების გამოყოფის თაობაზე.

2017 წლის კამპანია

2017 წლის 11 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის (ჰალლე-ვიტენბერგი) ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიცია ნაზარლებზე გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლის შესასწავლად.

ექსპედიციის შემადგენლობა:

ილიას უნივერსიტეტის მხრიდან:

ჰალლეს უნივერსიტეტის მხრიდან:

დამხმარე საველე მუშაკები:

ეს მცირეხნიანი არქეოლოგიური კამპანია, რომელსაც საფუძვლად დაედო საუნივერსიტეტთაშორისო თანამშრომლობა, წარმატებულად უნდა ჩაითვალოს.
მომავალში, "ნაზარლების" ძეგლზე წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოები საყურადღებო დასკვნების გამოტანის საშუალებას მოგვცემს, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება შირაქში მდებარე დასახლებების სოციალურ-კულტურული ხასიათისა და სამშენებლო-არქიტექტურული სპეციფიკის განსაზღვრა წინა აზიისა და მახლობელი აღმოსავლეთის გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანის დასახლებებთან და სახელმწიფოებრივ გაერთიანებებთან მიმართებით.
ურთიერთშეთახმების მიხედვით სამუშაოები გაგრძელდება მომდევნო 2018 წელსაც.

2018 წლის კამპანია

2018 წელს ექსპედიცია მუშაობას 27 აგვისტოს შეუდგა.

ექსპედიციის შემადგენლობა:

ილიას უნივერსიტეტის მხრიდან:

ჰალლეს უნივერსიტეტის მხრიდან:

მუშაობის დაწყების პირველსავე დღეს 5 მეტრით გაფართოვდა წინა წელს გაჭრილი ე. წ. "კარიბჭის" ჭრილის დასავლეთი მხარე, ანუ მოიხაზა 5x9 მ არეალი, რომელიც შემდგომ დღეებში გაიწმინდა.
27 აგვისტოსვე, ნაქალაქარის ზედა ტერასაზე მოიხაზა 10x10 მ კვადრატი. ჭრილის სამუშაო სახელწოდებაა Plateaschnitt 1.
მომდევნო დღეების განმავლობაში თანდათანობით ვაღრმავებდით ამ ჭრილს. ჭრილისთვის დამახასიათებელია მრავალრიცხოვანი კერამიკის ფრაგმენტები. თიხის კეცისა და ორნამენტის მიხედვით ანალოგიურია წინა წელს დაფიქსირებული კერამიკასთან. ამ ჭრილის სამხრეთ კიდესთან დაფიქსირდა საბეჭდავი 5 ოთხსხივა ვარსკვლავით. ამ ჭრილზე გამოიკვეთა ორი სამშენებლო ფენა - ზედაპირდან 5-6 ს-იდან 25 ს-მდე და ზედაპირიდან 25-50 ს-მდე.

ზედა ტერასის ცენტრალურ ნაწილში გადაწყდა ახალი ჭრილის გაჭრა - სამუშაო სახელწოდება Plateauschnitt 2. თავდაპირველად აიზომა 10x5 მ არეალი, თუმცა მეორე დღეს, გამომდინარე ვითარებიდან (მის სამხრეთ დასავლეთ კუთხეში გამოვლინდა ბრინჯაოს ნივთების გროვა) ჭრილი სამხრეთით 2 მ-ით გაფართოება. ამ ჭრილის გაწმენდის დაწყებისთანავე გამოჩნდა მცირე ზომის თიხის ჭურჭელი - სასმისი.

11.09.2018 - ნამოსახლარის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური საველე სამუშაოების პროცესში, თამამად შეიძლება ითქვას, უნიკალური, ბრინჯაოს სამეურნეო და საკულტო ნივთებისგან შემდგარი განძი გამოვლინდა, რომელიც ნაქალაქარის ციტადელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საკულტო ნაგებობის ინტერიერში, დასავლეთ კედელთან აღმოჩნდა.

აღმოჩნდა:

14.09.2018 - Plateauschnitt 2-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (მთლიანობაში კი ნაგებობის ცენტრში) მნიშვნელოვანი ბრინჯაოს არტეფაქტები აღმოჩნდა: ბრინჯაოს მცირე ზომის ირმის სკულპტურა და ბრიჯაოსვე მომრგვალებულთავიანი საკინძი, ხოლო ჭრილის სამხრეთ კიდესთან, ბრინჯაოს ცენტრალურამიერკავკასიური ტიპის ისრისპირი. ამ დღესვე, კარგად გამოიკვეთა წრიული ნაგებობის კედლის კონტური.
მომდევნო დღეების განმავლობაში, ნაგებობის სამშენებლო ტრადიციის დასაფიქსირებლად, საფუძვლიანად გასუფთავდა გამოვლენილი კედელი. პარალელურად, ზედაპირიდან 70 სმ-დე დაღრმავდა ნაგებობის ინტერიერი. გაიწმინდა და დაფიქსირდა ბრინჯაოს განძის სიახლოვეს კონცენტრირებული კერამიკა.

2019 წლის კამპანია

2019 წლის 22 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე, ექსპედიციამ, შირაქის ზეგანზე, "ნაზარლების" მთაზე კვლავ განაახლა წინა, 2018 წელს გამოვლენილი და დაკონსერვებული გვიანი ბრინჯაო - ადრე რკინის ხანის სამლოცველოს არქეოლოგიური შესწავლა.

ექსპედიციის შემადგენლობა:

ილიას უნივერსიტეტის მხრიდან:

ჰალლეს უნივერსიტეტის მხრიდან:

პირველყოვლისა, მოიხსნა საკონსერვაციო ყრილი ზედაფენა და ნაგეგობის ჩრდილო-დასავლეთ კედლის უკეთ გამოსავლენად, წინა წლის ჭრილი ზომით 10-7 მ-ზე, გაფართოვდა 12-10 მ-დე.
გამომდინარე ნაგებონის წრიული ფორმიდან, 1 მ-ის განის უღლების გამოტოვებით, ძველი ჭრილის ჩრდილო-აღმოსავლეთ, სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, გაიჭრა დამატებით კიდევ ანალოგიური ზომის (12-10 მ-ზე) სამი ჭრილი, რამაც საშუალება მოგვცა სრულად გამოგვევლინა სამლოცელოს ცენტრალური საკულტო მოედნის ორმაგი კედლებითა და ხურდა ქვის გამოყენებით ნაშენი გალავნის მთლიანი კონტური.

როგორც მოსალოდნელი იყო, გამომდინარე ძეგლის საკულტო ხასიათიდან, მრავალფეროვანი იყო განათხარი მასალაც, რომელიც მიწის ზედაპირიდან 20 – 40 სმ-ის სიღრმეზე ამოდიოდა.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სამხრეთ-დასავლეთ ჭრილში, ინტერიერში, გალავნის დასავლეთ კედელთან, წინა წელს გამოვლენილი განძის გასწვრივ, გადმოქცეული კედლის ნაყარს ქვემოთ აღმოჩენილი ორი თიხის ჭურჭელი, რომელთაგან ერთი, შენაწირი ბრინჯაოს ნივთებით (საკიდები, ძეწკვები, ტანისამოსის სხვადასხვა ფორმის სამშვენისები, აბჯრის ქერცლები, სამაჯურები და სხვა), ხოლო მეორე, ძირითადად სარდიონის მძივებით იყო სავსე.

ამავე ჭრილის ცენტრალურ ნაწილში აღმოჩნდა აგრეთვე პირში გადამტვრეული, შედგენილტარიანი კახური ტიპის მახვილი, ფართეპირიანი აფთისებრი სამართებელი (რომელიც სავარუდოდ ზვარაკის დასაკლავად და გასატყავებლად იხმარებოდა), აღმ.კავკასიური ორპირა მინიატურული ცული, საბეჭდავები...

მრავლად გვხვდებოდა ზოგადად ამ პერიოდის ნამოსახლარებისათვის დამახასიათებელი ორნამენტირებული თუ უსახო კერამიკის ფრაგმენტები; აღმოჩნდა 3 მცირე ზომის ჭინჭილა.
მრავლად იყო ოფსიდიანის და კაჟის ფრაგმენტებიც.
ინტერიერში, ისევე როგორც წინა წელს, საკმაო რაოდენობით დაფიქსირდა ხელსაფავავებიც.

აღნიშნული მასალა, საგულდაგულოდ აღიწერა, ჩაიხაზა და ფოტოგრაფიულად დაფიქსირდა, რის შემდგომაც იგი შესანახად გადაეცა დადოფლისწყაროს მუნიციპალური დაქვემდებარების მხარეთმცოდნეობით მუზეუმს.

საველე სამუშაოების დოკუმენტაციისათვის გამოიყენებოდა ყოველდღიური ფოტოფიქსაცია, ფოტოგრამმეტრია, ანაზომები კეთდებოდა Total Station-ის გამოყენებით; ილიუნის დოქტორანტის, დავით კირკიტაძის მიერ ჩატარებული მაღალი სიზუსტის GPRS RTK აზომვებისა და დრონით გადაღებული ორთოფოტოების გამოყენებით შესაძლებელი გახდა განათხარი ფართობების ორთოფოტოების ზუსტი გეორეფერენსირება და GIS სისტემაში განთავსება. ორთოფოტოების ბაზაზე მომზადდა გეორეფერენსირებული გრაფიკული ჩანახატი.

ბოლო სამუშაო დღეს, მომავალ კალენდარულ წელს გათხრების გაგრძელების მიზნით, გამოვლენილი სამლოცველოს მთელი ტერიტორის კვლავ გადაეფარა მკვრივი ქსოვილი და დაიფარა მიწის თხელი ფენით.

2021 წლის კამპანია

2019 წლის 22 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე, ექსპედიციამ, შირაქის ზეგანზე, "ნაზარლების" მთაზე კვლავ განაახლა წინა, 2018 წელს გამოვლენილი და დაკონსერვებული გვიანი ბრინჯაო - ადრე რკინის ხანის სამლოცველოს არქეოლოგიური შესწავლა.

ექსპედიციის შემადგენლობა:

ილიას უნივერსიტეტის მხრიდან:

ჰალლეს უნივერსიტეტის მხრიდან:

2021 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შემუშავებული სასწავლო-კვლევითი პროექტის: "კავკასიაში სახელმწიფოებრივობის სათავეებთან" ფარგლებში, გაერთიანებულმა ქართულ-გერმანულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომლიც ქართველი და გერმანელი პროფესორებისა და სტუდენტებით იყო დაკომპლექტებული, და რომელიც ფინანსდება გერდა ჰენკელისა (https://www.gerda-henkel-stiftung.de/), გერმანიის აღმოსავლური საზოგადოების (http://www.orient-gesellschaft.de/) და ჰალლეს უნივერსიტეტის (https://www.uni-halle.de/) მიერ, გათხრითი სამუშაოები განაახლა:

  1. სოფ. სამრეკლოს მახლობლად მდებარე ე.წ. "საყარაულო სერზე" და
  2. მთა "ნაზარლებზე" წინა წლებში გამოვლენილი სამლოცველოს შესასწავლად.

"სამრეკლო"-ს მრავალფენიანი ნამოსახლარი

30 ივლისიდან 21 აგვისტომდე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. სამრეკლოს მიმდებარე ნამოსახლარის თხემზე, კვლავ შესაძლებელი გახდა აქ 2019 დაწყებული არქეოლოგიური სამუშაოების განახლება. გამოვლინდა სამოსახლოს რამდენიმე ჰორიზონტი და დაფიქსირდა სამი სამარხი.

აღნიშნული სამარხები დასახლების ყველაზე მოგვიანო პერიოდს უნდა განეკუთვნებოდეს. პირველი მათგანი უშუალოდ კორდოვან ფენას მოსდევდა, უნვენტარო გახლდათ და მხოლოდ მთლიან თავის ქალას და რამდენიმე ნეკნის ძვალს შეიცავდა. მეორე სამარხში, რომელიც ასევე ზედაპირიდან 30 სმ სიღრმეზე მდებარეობდა, მკვეთრად მოხრილი მიცვალებული მარჯვენა გვერდზე იყო დაკრძალული და ახლდა ორი მოწითალო იასპის მომცრო მძივი. უკანასკნელი სამარხი, დანარჩენ ორ სამარხთან შედარებით, ყველაზე მდიდარი ინვენტარით გამოირჩეოდა. საუბარია სამარხზე, რომელშიც, ორსახელურიან სადღვებელში ჩასვენებული, მცირეწლოვანი ბავშვი (2-3 წლის) იყო დაკრძალული. მიცვალებულისთვის ჭირისუფალს ჩაუტანებია შავპრიალა, ძირგამობურცული თიხის სასმისი, რომლის ძირი ხუთი სპირალური ორნამენტით იყო მორთული, ხოლო მის გარე ზედაპირს ექვსი მომცრო კოპი და ჭდეული დაკავკაული ამკობდა. ნაკეთობა, მაღალი ხარისხის კერამიკული ნამზადია და ლითონისებური ბზინვარებით ხასიათდება. სამახრში, ასევე, ჩატანებული იყო თეთრი პასტის მძივები, ბრინჯაოს საყურე და ერთი სადა, ასევე ბრინჯაოს ბეჭედი. სადღვებლის პირთან მიდგმული იყო მცირე ზომის ჭინჭილა, რომელიც ამჟამად, შიგთავსით, ანალიზზეა გაგზავნილი გერმანიაში, ხოლო მისგან ოდნავ მოშორებით, აღმოჩნდა მცირე ზომის თიხის ცხოველის ფიგურა (სავარაუდოდ სათამაშო).

სამივე ეს სამარხი ზედაპირიდან 30-40 სმ სიღრმეზე დაფიქსირდა და მათ გარშემო სხვა სამარხები არ იკვეთება. ისინი განლაგებული იყო მცირე ქვაყრილის მიმდებარედ, რომლის თანაბარი აღების შემდეგ, მის ქვემოთ არავითარი სტრუქტურის კვალი არ დადასტურდა. თუმცა, მომავალისთვის, მის გარეშემო არეალის გაფართოების შემდეგ, შესაძლოა, იგივე დონეზე, სხვა ახალი სამარხებიც აღმოჩნდეს.

სადღვებელში დაკრძალული ბავშვის სამარხი, ჯერჯერობით, სამრეკლოს ნამოსახლარის ერთადერთი დამათარიღებელი ელემენტია: სადღვებელში დაკრძალვის ფაქტი, აქამდე, შირაქის ზეგანზე გამოვლენილ სამაროვნებზე, არ დადასტურებულა. ზოგადად, სადღვებლები, ჩატანებულია უდაბნოს, საგარეჯოს, სამთავროს სამაროვნებზე შესწავლილ სამარხებში. ეს სამაროვნები, ზოგადად, ქრისტემდე მეორე ათასწლეულის ბოლო - პირველი ათასწლეულის დასაწყისი ხანებით თარიღდება.

ზემოთ აღნიშნული, მომცრო, მაღალმხატვრული ფიალის ძირითადი ფორმა, ზუსტად იმეორებს აქემენიდური ხანის ფიალების ფორმებს. მსგავსი ფორმები დადასტურებულია ქუმბათის ნამოსახლარზე მოპოვებულ არქეოლოგიურ მასალაშიც, რომელიც, იქ აღმოჩენილი "დიდი კომპლექსის" სტრატიგრაფიულ კონტექსტში, ქრისტემდე V საუკუნის ბოლო პერიოდით და IV საუკუნის პირველი ნახევრით ანუ, აქემენიდური ხანით არის დათარიღებული.

სადღვებლის პირთან მიდგმული ჭინჭილის ფორმა კარგადაა ცნობილი ამ მხარეში მოპოვებული, VI-V საუკუნეების არქეოლოგიური მასალის კონტექსტში. ასე რომ, აღნიშნული ბავშვის სამარხი აქემენიდური პერიოდით უნდა დათარიღდეს.

თავად დაკრძალვის ფორმა, ანუ ცენტრალური მრგვალი ქვაყრილის აღმართვა სამარხზე, უფრო ადრეული ფორმების გამოძახილი უნდა იყოს, როგორც ეს გამოვლენილია საგარეჯოს სამაროვანხე და ქრისტემდე პირველი ათასწლეულის დასაწყისით არის დათარიღებული. ამ სამაროვანზე ხშირად გვხვდება სადღვებლები სამარხეულ ინვენტარში. ეს ფაქტი, ამ მხარეში, გარკვეული მემკვიდრეობის დამადასტურებელ ფაქტად უნდა მივიჩნოთ თუ არა, ამას მომავალი კვლევა გვიჩვენებს.

ორი კვადრატული ფორმის ქვაფენილი, რომელიც სამოსახლო ჰორიზონტზე ადვილად განირჩეოდა ერთიმეორისგან. პირველი ქვაფენილი ზედაპირიდან დაახლოებით 10-15 სმ სიღრმეზე აშკარად მიანიშნებდა მის აღმ.-დას. დამხრობას. სამხრეთის მხრიდან ის მოგვიანო ცარიელი ორმოთი იყო გადაჭრილი. ამ ფენილიდან მომდინარე ფრაგმენტული და ნარევი მასალა ჯერ არ იძლევა მისი დათარიღების საშუალებას.

უშუალოდ მის ქვეშ და 90°-ის დახრილობით, ჩრდილოეთიდან სამხრეთ მიმართული ქვაფენილი გამოიკვეთა. ხაზოვანი ფორმა, აქაც მის კვადრატულ მოყვანილობაზე მიგვითითებს, მაგრამ იგი ძლიერ არის დაზიანებული და ჩაქცეულია სიღრმეში. დასახლების ეს ორივე ჰორიზონტი, მათი ქრონოლოგიური კლასიფიკაციის მხრივ შემდგომ კვლევას საჭიროებს.

უკანასკნელი, რაც უნდა აღინიშნოს ის გახლავთ, რომ აქვე იკვეთება ორმაგი მშრალი წყობით და ხურდა ქვით შევსებული კედელი, ძალზე ფრაგმენტულად; რომელიც 1 მ სიღრმეზე ფიქსირდება და შემდგომ შესწავლას საჭიროებს.

სამაროვანი, რომელიც სამოსახლოდან დაახლოებით 500 მეტრში იკვეთებოდა და აღნიშნული გვქონდა 2019 წლის ანგარიშში, ამჟამად განადგურებული დაგვხვდა თანამედროვე სამეურნეო სამუშაოების შედეგად.

სამლოცველო მთა "ნაზარლები"-ს თხემზე

19 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე, ექსპედიციამ, შირაქის ზეგანზე, "ნაზარლების" მთაზე კვლავ განაახლა წინა, 2018-19 წლებში გამოვლენილი და დაკონსერვებული გვიანი ბრინჯაო - ადრე რკინის ხანის სამლოცველოს არქეოლოგიური შესწავლა.

განახლდა სამლოცველოს შიდა სივრცის პრეპარაცია - იხსნებოდა ნაცროვანი ფენები, რომლებიც შეინიშნება სამლოცველოს მთელს ინტერიერში. პრეპარაციის მომენტში აღმოჩენილი ყოველი ნივთი დაფიქსირდა შესაბამისი ხელსაწყოების საშუალებით.

ასევე, მიმდინარე წელს, 2 მ სიგანეზე გაფართოვდა აღმოსავლეთი ჭრილი და მოიხსნა მიწა სამლოცველოს აღმოსავლეთით, რომელიც ფარავდა შემოსასვლელ კარიბჭეს, რომელიც ძირეულად იყო დაზიანებული თანამედროვე პერიოდში, მასზე გამართული გეოდეზიური პუნქტის მოწყობის შედეგად.

სავარაუდოდ, სამლოცველოს კარიბჭე, მთა ნაზარლების თხემზე ყველაზე მაღალი წერტილი უნდა ყოფილიყო, რის გამოც იგი კარტოგრაფების მიერ შეირჩა კიდეც გეოდეზიური წერტილის მოსაწყობად. სწორედ ამან გამოიწვია, სამლოცველოს ამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტის დაზიანება (შეიძლება ითქვას თითქმის განადგურებაც კი). თუმცა, ამ მონაკვეთის გაწმენდის შემდეგ, მაინც გახდა შესაძლებელი მისი საძირკვლის დონეზე ფრაგმენტების დაფიქსირება, რაც ნაწილობრივ მაინც გვიქმნის შთაბეჭდილებას სამლოცველოს შესასვლელი კარიბჭის პირველადი მოხაზულობის თაობაზე. აქვე, ნაძრავ ფენაში, აღმოჩნდა ბრინჯაოს ნაჭდევ-ორნამეტიანი თხელფირფიტოვანი ბეჭედი და გამოიკვეთა ჭიშკარ-საკურთხევლის ფილებით მოგებული საძირკველი.

პარალელურად, მოიხსნა შიდა უღლები და გაგრძელდა სამლოცველოს გალავნის პრეპარაცია. ასევე, დონეების დასაფიქსირებლად, ხელახლა დაზუსტდა ათვლის წერტილები.

სამლოცველოს ცენტრალურ ნაწილში, "საკურთხევლის" პრეპარაციისას, ფილებქვეშ, გამოიკვეთა მცირე, რიყის ქვების კედლის ფრაგმენტი, რომლის გარეთაც გამოვლინდა საქონლის კიდურის (სავარაუდოდ მარჯვენა) ძვალი კვირისთავით. აქვე აღმოჩნდა 2 ცალი ბრიჯაოს მცირე სადა ბეჭედი, მცირე ხვია, სარდიონის მძივი და მძივთაშორისი ბრინჯაოს ტიხარი, პატარა საკინძთან ერთად.

სავარაუდოდ, ამ კედლის თავზე, ზემოდან დაფიქსირებული ფილებით გამართული უნდა ყოფილიყო სწორედ ეს "საკურთხეველი", რომლის გამურული ფილებიც ამჟამად ცერადაა წასული სიღრმეში და ნგრევის კვალს ატარებს. სწორედ ამ ფილაზე, ზემოდან იდო ირმის ქანდაკება, ხოლო მისგან მოშორებით ერთ-ერთი საბეჭდავი, რომლებიც 2018-19 წლებში წარმოებული სამუშაოების დროს დავაფიქსირეთ.

პარალელურად, სამლოცველოს აღმოსავლეთით, შემოსასვლელის მხრიდან მოიხაზა კიდევ ორი ჭრილი ზომით 7x5 მ-ზე და ზემოდან მოეხსნა კორდოვანი ფენა და ჰუმუსი; რის შედეგადაც გამოიკვეთა, სავარაუდოდ, სულ მცირე ორი სამარხეული მოედნის თავზე გამართული წრიული ქვის წყობები, რომელთა შორისაც ამოვიდა დიდი ზომის, ტალღურ ორნამენტიანი, თიხის (სავარაუდოდ, სარიტუალო) ჭურჭლის ფრაგმეტები.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ექსპედიციის საველე სამუშაობი ფინანსდება გერმანული მხარის მიერ და გრძელდება სულ მხოლოდ 3-5 კვირის განმავლობაში, გადავწყვიტეთ, რომ ამ ჭრილებზე სამუშაოები გადავდოთ მომავალი წლისთვის და გავაგრძელოთ სამლოცველოს გათხრის დასრულების შემდეგ.

პარალელურად, სამლოცველოს ინტერიერში, მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, გაიწმინდა გამოკვეთილი ქვის თხელი ფენით მოფენილი ორმო, რომელიც უინვენტარო აღმოჩნდა და სავარაუდოდ, სარიტუალო პროცესში სამეურნეო დანიშნულება უნდა ჰქონოდა. ამას ის გვაფიქრებინებს, რომ მასსა და კედელს შორის, 2018 წ., დიდი რაოდენობით აიკრიფა სხვადასხვა ზომის ჭურჭლის ნამსხვრევები; რომლებიც, გადმოქცეული კედლის ნანგრევებს ქვეშ იყო მოყოლილი.

ამ ორმოს ოდნავ ჩრდილო-აღმოსავლით, ასევე სამლოცველოს ინტერიერში, ჩაიჭრა საზონდაჟე 2x3 მ-ის ჭრილი, რაც იმით იყო გაპირობებული, რომ წინა წლებში, სამლოცველოს ტერიტორიაზე ი. ფასბინდერის მიერ ჩატარებულ გეომაგნიტური კვლევის სურათზე, ეს ადგილი, მუქად ჩანს და იატაკის ჩავარდნას აჩვენებს. ამ ადგილზე ჩავარდნა შეიმჩნევა გალავნის ამავე მონაკვეთზეც.

საცდელი ჭრილის ჩრდილო აღმოსავლეთ კუთხეში, სამლოცველოს იატაკიდან დაახლოებით ერთი მეტრის სიღრმეზე, გამოჩნდა დიდი ზომის ქვის გროვა, რომლის ჩრდილო დამრეც შავ ნაძრავ ფენაში აღმოჩნდა. კახეთის მხარეში დადასტურებული შედარებით ადრეული (სავარაუდოდ, ქრისტემდე III ათასწლეულის დასასრული ეტაპის - II ათასწლეულის I ნახევრის) პერიოდის შავპრიალა კერამიკის ფრაგმენტები. ყოველივე ეს კი გვავარაუდებინებს, რომ ნაზარლების XII-X სს სამლოცველო, გამართული უნდა იყოს ადრეული პერიოდის ამ ადგილზე მდებარე სამოსახლოს მოსწორებულ-მოშანდაკებულ ბაქანზე.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, აღმოსავლეთ ჭრილის გაფართოების შემდეგ, გეოდეზიური პუნქტის გარეშემო მიწის მოხსნის შემდეგ, შესაძლებლობის ფარგლებში, მეტ-ნაკლებად, სრულად გაიწმინდა სამლოცველოს უკიდურეს აღმოსავლეთით, მდებარე ნაგებობის საძირკვლის ნაშთი.

შესაძლებეალია, ეს თავის დროს გახლდათ ერთგვარი "კოშკიც" კი, რომელიც იდგა სამლოცველოს ღრმად-ნალისებრი, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმართული გალავნის შეასასვლელში, გალავნის კედლებს შორის და ქმნიდა ორ სივრცეს, სამლოცველოს ტერიტორიაზე შესასვლელს და გამოსასვლელს. მასში, ქვებს შორის, რამდენიმე ადგილზე დაფიქსირებული ხის კვალი, მის კონსტრუქციაში ძელების გამოყენებაზე უნდა მიგვანიშნებდეს. სავარაუდოდ, ნაგებობას, აღმოსავლეთით, ამაღლებული თარო-ბაქანი უნდა ჰქონოდა, შესაბამისი სარიტუალო საქმიანობისთვის, რაზეც მის ჩრდილო კუთხეში, სამლოცველოს გალავნის კედელთან, იატაკის დონეზე ჭინჭილის და აზარფეშის მსგავსი ხელიანი სასმისის აღმოჩენა გვაფიქრებინებს.

დასასრულს, სამლოცველოს დასავლეთით, გალავნის კედელსა და ტერასის ზღუდის ყველაზე მაღალ წერტილს შორის, ამ ორი ორიენტიერის ურთიერთმიმართების საილუსტრაციოდ, გაიჭრა კიდევ ერთი გრძივი ჭრილი ზომით 17x2 მ-ზე, სადაც მოიხსნა კორდოვანი ფენა.

გარდა ამისა, ექსპედიციამ გადაიღო ნაზარლების სამლოცველოსა და ნამოსახლარის სრული ორთოფოტო, რის საფუძველზეც მომზადდა DEM (Digital Elevation Model) მოდელი, რომელიც სრულად წარმოაჩენს ძეგლის დაგეგმარების დეტალებს. ამის საფუძველზე მომზადდება სამეცნიერო ნაშრომი ნაზარლების ურბანულ განვითარებასა და ლანდშაფტურ არქეოლოგიაზე.

ნაზარლების გათხრების ფოტო-ვიდეო გალერეა